ვახტანგ გომელაურის გაცხადებით, აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე გამოირიცხა მკვლელობის ვერსია და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, არსებობენ ჰუსეინ ბაკიხანოვის გადმოხტომის მოწმეები.
„გვყავს თვითმხილველები მისი გადმოხტომის - თუ აიძულეს, რომ მანდამდე მიეყვანათ, გამოძიება მიდის. ის რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა - ეს ვერსია 99%-ით გამოირიცხა. იძულება, რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე...", - ამბობს მინისტრი.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა გამოძიება ბაკიხანოვის გარდაცვალებაში აზერბაიჯანული მხარის ჩართულობას განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამაზე აფგან მუხთარლიმაც ისაუბრა, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს:
„აფგან მუხთარლის ბევრი ზღაპრები გვახსოვს, მეც მაქვს მოსმენილი და ახლა მაგაზე, აფგან მუხთარლის განცხადებაზე...", - აცხადებს გომელაური.
აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი 14 ივლისს იპოვეს. ინფორმაცია ორი კვირის დაგვიანებით გახდა ცნობილი.
შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ამ ვერსიის არ სჯერათ - მათი თქმით, ბახიკანოვის სიკვდილი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებს უკავშირდება.
გამოძიების ვერსიით, ბაკიხანოვი ერთერთი სასტუმროს შენობიდან გადმოხტა.
აჭარა ჯგუფის იურისტი ფორმულასთან ყვება, რომ 14 ივლისს ბაკიხანოვი სასტუმროში გასაუბრებაზე იყო მისული, რის შემდეგაც ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ინფორმაციით, ბახიკანოვს აზერბაიჯანული პოლიცია სდევნიდა.